კახეთი
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუ საქართველოში შემოდგომაზე ჩამოხვალთ აუცილებლად ესტუმრეთ კახეთის რეგიონს.
ბუნება:
საქართველოს ღვინის რეგიონი- კახეთი გამოირჩევა უძველესი ისტორიული ძეგლებით, ციხეებით, ტაძრებით. მრავალსაუკუნოვანი ღვინის კულტურა დიდი ვენახები და ულამაზესი ბუნება-ეს არის კახეთი. საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ველზე. ულამაზესი ხედები, მთები, ველ-მინდვრები და ნახევრად უდაბნო ადგილები განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
გეოგრაფია:
კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება. აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. კახეთი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია. გარშემორტყმული მთების სიმაღლე 3300-4500 მეტრია. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება. თბილისიდან თელავამდე მანძილი შეადგენს ცენტრალური ავტომაგისტრალით 150 კილომეტრს.
ღვინის სამშობლო:
კახეთი მსოფლიოს მევენახეობის და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.აქ ღვინის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მე-5 ათასწლეულიდან იწყება. კახეთში ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული და გამოიყენება ღვინის დაყენების უნიკალური წეს-ჩვეულებები. აქ შესაბამისი კლიმატია, იმისათვის რომ ყურძენი კარგად დამწიფდეს და ამიტომაც მაღალხარისხიანი ღვინოები მზადდება.
კახეთის რეგიონში შეგიძლიათ მოაწყოთ ღვინის ტური-ეწვიოთ არაერთ ღვინის კომპანიას სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინის მრავალი სახეობა, გაეცნოთ დაყენების უნიკალურ წეს-ჩვეულებებს.ასევე ესტუმროთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს მარნებში, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში, ყურძნის კრეფასა და დაწურვაში.თქვენ აქ გაეცნობით ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს.
ტრადიციები:
შემოდგომაზე კახეთში იმართება ღვინის ფესტივალი, რთველის დამთავრებისთანავე სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და ახლად მომზადებული ეროვნული კერძებით. ფესტივალზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით იმართება ფოლკლორული კონცერტი, ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, იმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ტრანსპორტი:
კახეთის რეგიონში განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის სასტუმროები,მათ შორის საოჯახო სასტუმროები. აეროპორტიდან რეგიონისკენ შეუფერხებლად მოძრაობს ტრანსპორტი კერძოდ ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აეროპორტიდან რაიონულ ცენტრამდე მანძილი გომბორის ქედის გავლით 90 კილომეტრია, ხოლო ცენტრალური ავტომაგისტრალით 150 კილომეტრი;
ღირსშესანიშნაობები:
ალავერდი(X-XVII სს.); გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.); ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.); ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.); იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.); ძველი შუამთა(V_VII სს.);
დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.); კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.); ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.); ციხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.); ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.); ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.); ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.); გრემი (XVI ს.); ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX); ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.); ყვარლის ციხე(XVI-XVII სს); უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში;
მუზეუმები:
ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი; გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი; ვ. სარაჯიშვილის; ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი; თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი; ი. ჭავჭავაძის მუზეუმი;
მარჯანიშვილის მუზეუმი; საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები;
დაცული ტერიტორიები:
ვაშლოვანის ეროვნული პარკი; თუშეთის ეროვნული პარკი; ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
ლაგოდეხის აღკვეთილი; ივრის აღკვეთილი; ჭაჭუნის აღკვეთილი;